"მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ყველას" - გამარჯვების კოალიციის ლიდერებმა დასაქმების გეგმა წარადგინეს. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარდგენისას თქვა, დღეს საქართველო ბიძინა ივანიშვილის ხაფანგშია და ეს ხაფანგი გაჭირვება და შიმშილია, მათი მიზანი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნაა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოდან 800 000 მოქალაქე გავიდა, რაც სამუშაო ადგილების არარსებობითაა განპირობებული. ვაშაძემ აღნიშნა, რომ გამარჯვების კოალიციის მიზანია ქვეყნის ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს და ამერიკული თუ ევროპული ინვესტიციების მოზიდვით, ასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნას.
"დღეს საქართველოს მასშტაბით სადაც არ უნდა გავიაროთ, უამრავი სახლია ცარიელი. ჩვენი თანამემამულეები ელემენტარული შემოსავლის არ ქონის გამო ტოვებენ ქვეყანას, 800 000 ჩვენი თანამემამულე ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში წავიდა საზღვარგარეთ სარჩო-საბადებლის სანახავად.
დატოვეს ის, რაც ასე ძალიან უყვართ, დატოვეს თავიანთი ოჯახები. მთავარი კითხვა - რატომ ხდება ეს საქართველოში? იმიტომ, რომ საქართველოში არ არის მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ არ მოუწიოთ მათ ქვეყნიდან გასვლა.
წარმოიდგინეთ, ივანიშვილის პარტიის თითქმის 12 წლიანი მმართველობის პირობებში მოქალაქეებს უფრო გაუჭირდათ, უფრო მძიმე მდგომარეობაა, დღეს აქ რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებით და ეს გაჭირვება რეგიონებში კიდევ უფრო შეინიშნება, დაცლილი სოფლები, დაცარიელებული რაიონის ცენტრები, ხშირად, რომ გაივლი სოფლებში ადამიანს ვერ ნახავ, რომ წყალი მოგაწოდოს.
რატომ ხდება ეს უსამართლობა ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, წიაღისეული გვაქვს, გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ნიჭიერი ხალხი გვყავს, რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილი და მისი პარტია, რომელთა ამოცანაა ზემდიდარი ელიტა და ღარიბი ხალხი. პრემიერს, რომელიც ივანიშვილმა გასულ კვირაში წარადგინა, ვეკითხებით, როგორ აპირებს სამუშაო ადგილების შექმნას? რას გვპასუხობს? - სიცილი, ტრაბახი, ეკონომიკა ორნიშნად ვისთვის გაიზარდა? საქართველოს მოქალაქეებისთვის? იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ქვეყნიდან წასვლას ფიქრობს? არა, სამწუხაროდ, აი, მათთვის ორნიშნადაც გაიზარდა და სამნიშნადაც, ეს არის მთავარი უსამართლობა, რასაც უნდა ვებრძოლოთ.
დღეს საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია და ეს ხაფანგი არის გაჭირვება და შიმშილი. ივანიშვილის გზა არის საქართველო ქართველების გარეშე, ჩვენ კი გვინდა საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის, აქ უნდა შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები, აქ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა, მოვიზიდოთ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, ეს ყველაფერი ხომ ჩვენ შეგვიძლია და ეს ყველაფერი წელს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ! მეგობრებო, მოგვიახლოვდა არჩევნები და კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილია ხალხს.
მას არც უმუშევრობა აღელვებს, არც ხალხის გაჭირვება, უფრო მეტიც, მისთვის მისაღებია განვითარების ის ტემპი, რომელიც დღეს არის, ჩვენთვის ეს მიუღებელია და ამიტომაც გვინდა, რომ წინ წავიყვანოთ ქვეყანა და განვავითაროთ ქალაქი და სოფელი. არ შეიძლება 115 ლარზე სოფელში მცხოვრები ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, მინიმუმ 1500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ ის დასაქმებულად ჩაითვალოს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.